2010/01/27
3.ქართული ენის დიალექტები
ქართული ენის დიალექტები
სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური.
შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.
არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული.
გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული ა თუშური; 6. გურული და აჭარული.
ბ. ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა)მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა)ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული.
ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;
- ცენტრალური კილოები: ქართლური, კახური,იმერული, ლეჩხუმური, გურული.
- განაპირა კილოები: მესხური კილოები: აჭარული, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული, ტაოური, სამცხური, ჯავახური;
- ჰერული კილოები: კაკური, ალიაბათური;
- ფხოვური კილოები: ჩაღმათუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, მთიულურ-გუდამაყრული; აქვე „ასოცირებულ“ დიალექტად განიხილავს წოვათუშურსაც, რომელიც შეიცავს როგორც ჩეჩნურ-ინგუშურის, ასევე ქართულის მსგავს ფენებს; რაჭული კოლები: ბარისრაჭული, მთარაჭული;
- სვანური კილოები: ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური;
- ზანური კილოები: მეგრული, ლაზური (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური).
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული
4. ქართული ენის დიალექტენი საქართველოს საზღვრებს გარეთ
ფერეიდანი
ფერეიდანი ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც მე-17 საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახელი) ჩაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, შუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაჯი (ვაშლოვანიკ)... ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარი, ფარსი...) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობას 12-14 ათასს შეადგენს. ისინი ფერეიდნულ კილოზე მეტყველებენ.
საინგილო
(ვიკიპედიიდან)
საინგილო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე აზერბაიჯანში. იგი ისტორიული კახეთის, კერძოდ ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი იყო. ამ ტერიტორიის საქართველოდან ჩამოცილება დაიწყო 1604 წელს, როდესაც შაჰ-აბასმა იგი წახურელ ლეკებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამას მოჰყვა ამ მიწაზე ლეკების ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII ს-ში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქანის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს იანგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები “ინგილო” და “საინგილო”.
1803 წელს რუს-ქართველთა ჯარმა ჭარ-ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათალის ოლქის სახელით. 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
იმერხევი (მდინარე)
(ვიკიპედიიდან)
იმერხევი, მდინარე შავშეთისწყლის (ახლანდელი სახელწოდება ბერთა, თურქეთი) მეორე სახელწოდება. იმერხევი ერქვა აგრეთვე ტერიტორიულ რეგიონსაც, რომელიც ისტორიულ შავშეთში შედიოდა. ვარაუდობენ, რომ ფეოდალურ ხანაში ადმინისტრაციული ერთული იყო. XVI საუკუნეში იგი საქართველოს სხვა მიწებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ქართული მოსახლეობით დასახლებული ეს მხარე ახლა თურქეთის ფარგლებშია.